საბურთალოს რაიონის გამგეობა ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.
ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება და ბუნებრივი გაზის ამორტიზებული მილების სრულად განახლება, რომელსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და პანდუსები. დამონტაჟდება გარე განათების სისტემაც.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. კერძოდ, შეზღუდვა მოქმედებს ტანძიისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთიდან, გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში, გზის მხოლოდ ერთი მიმართულება იკეტება, ხოლო მეორე მხარეს ორმხრივი მოძრაობაა.
პერიოდულად, 00:00-დან 06:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად – ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
პროექტი, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყო, სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. ზედამხედველობას სამუშაოებზე ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.