ისანში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში კომპლექსური სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე ეწყობა ახალი სკვერები, იგება ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე ქსელი .

სამუშაოების ფარგლებში, 5500 კვ. მ ფართობზე, სამ მისამართზე მოეწყობა გამწვანების ზოლები, ინოვაციური საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი განათებისა და სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე- მცენარე. სკვერებში დაიდგმება ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი.

მიმდებარედ მოწესრიგდება გზა და 9 200 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება, სანიაღვრე ქსელი კი 500 მეტრზე მოეწყობა.

ვაზისუბნის მე-2 მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, 1500 კვ.მ-ზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და მოსასვენებლი სივრცეები. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.აღნიშნულ პროექტზე ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.