საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე  23 ნოემბერს ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. ესტაკატაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერშუა ჩასასვლელი ლითონის კიბე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა  კომუნიკაციებს.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში 165-მეტრიანი სატრანსპორტო კვანძი არაიმპორტირებული, საქართველოში დამზადებული ელემენტებით აშენდა.

ხიდი უკვე გამოიცადა დინამიურ 200-ტონიანი დატვირთვაზე, რაც წარმატებით დასრულდა.

ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ” კონსთრაქშენ სერვისი” აწარმოებდა, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 933 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ზედამხედველობა ჩაუტარა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.