თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული ქუჩები ცენტრალური დანიშნულებისაა, რომელთა საშუალებითაც, გლდანის რაიონის მოსახლეობა, როგორც სხვა უბნებს, ისე შიდა საუბნო გზებს უკავშირდება.

პროექტის მიხედვით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, ორივე ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) კი აღნიშნულ ქუჩებზე დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, სამი მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ენ სი სი“, ხოლო ზედამხედველობას განახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.