გუშინ ღამით,  გაიხსნა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე გზაგამტარი.

გზაგამტარის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული გზაგამტარი წარმოადგენს რკალისებურ ესტაკადას, რომელიც იწყება სარაჯიშვილის ქუჩიდან, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და უერთდება აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას.

პროექტი უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთვას ვაშლიჯვრის დასახლებაში, გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის, ასევე, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით.

სამშენებლო სამუშაოების პროცესში პროექტში შევიდა ცვლილებები. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ალტერნატიული პროექტით, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრა. მაგალითად, თავდაპირველი პროექტით თუ გათვალისწინებული იყო   47 დიდი და   198 პატარა ხე-მცენარის მოჭრა, ალტერანტიულით მოიჭრა სულ 17 ერთეული ხე-მცენარე, ხოლო გადაირგო 27; საკომპენსაციოდ დაირგო 140 ხე-მცენარე; ამავე დროს, ალტერნატიული პროექტის მიხედვით, თბილისის მერიას ნაკლები შეხება მოუწია კერძო საკუთრებასთან, რამაც დაზოგა დედაქალაქის ბიუჯეტი; 246 მ სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი ორზოლიანია და 8-მეტრი სიგანისაა, ნაცვლად 6 მეტრისა.

სავალი ნაწილის გარდა, ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება 2მ სიგანის ტროტუარი. შშმ პირთათვის გადაადგილების გამარტივებისთვის მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მხარეს დამონტაჟდება ლიფტები.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ აწარმოებდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობა გაუწია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.