პროექტ „ახალი ტფილისი“-ის ფარგლებში გრძელდება ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ისტორიულ ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას. სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.
რეაბილიტაცია ეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც, რომლებიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებენ კომპანიები: „ანაგი“ და „ინსი“, ხოლო ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.