სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.

გარდამავალი პროექტის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გასული წლიდან ახორციელებდა.

სამუშაოების ფარგლებში, ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს, სრული დემონტაჟი ჩაუტარდა და არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდები აშენდა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კონსტრაქშენ სერვისი“ განახორციელა. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 424 771 ლარი დაიხარჯა. ზედამხედველობა აღნიშნულ სამუშაოებზე განახორციელა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“.

ხიდი 4 ივლისს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გალაკტიონ ბუაძესთან, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გახსნა.