მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების რეაბილიტაცია გრძელდება.

სამუშაოების ფარგლებში, მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების და თაღის მალის ნაშენის ქვის და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო და ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები.

ამასთან, ამ ეტაპზე ბაღებში ვიდეომეთვალყურეობის ქსელის მონტაჟი, გარე განათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაცია მიმდინარეობს.

ზაარბრიუკენის ხიდის ნაწილზე ტროტუარების, სავალი ნაწილის დამცავი ფენის დემონტაჟის შემდეგ, ახალი დამცავი ბეტონის ქვედა ფენის მოწყობა, ჰიდროიზოლაციის სამუშაოების განხორციელება, ტროტუარებზე საკომუნიკაციო გვირაბ-არხების აღდგენა, ტროტუარებზე გრანიტის ქვაფენილების კეთილმოეწყობა, გარე განათების ქსელების, ელექტრომომარაგების ბოძების და საკაბელო არხების სრულად შეცვლა იგეგმება.

პროექტი, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახლადრეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან.

იგეგმება რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობაც, რაც გულისხმობს მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით სავაჭრო სივრცის მოწესრიგებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 9 მილიონ 679 520 ათას ლარს შეადგენს. პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.