ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.  უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და  ასფალტის პირველი ფენის დაგების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.  მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი. ჭავჭავაძის ქუჩაზე “თბილისი ენერჯიმ” დაასრულა 1962 წელს აშენებული, 250-მილიმეტრიანი ფოლადის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია. გაზსადენი შეიცვალა თანამედროვე, 350-მილიმეტრიანი მილით, რომლის საერთო სიგრძე, თავისი განშტოებებით 2000 მეტრია.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.

ჭავჭავაძის გამზირის შშმპ-ებისთვის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.

გუშინ ღამით, ჭავჭავაძის 17 ნომერში, დასრულდა ბეტონის ბორდიულის დაგების სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.