გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) შეასრულა. გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 15 000 კვ. მ. ასფალტის ქვედა ფენა.

გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.