თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს. ამჯერად, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში მიწისქვეშა კომუნიკაციების – წყლის, წყალარინების ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის განახლება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, კეკელიძის ქუჩიდან არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელები. კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ შესაბამისი სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგო.

რაც შეეხება თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილ გზის 1.2-კილომეტრიან მონაკვეთს, პროექტი ორ ნაწილად დაიყოფა და ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება – მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი დაიგება.

ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. მოეწყობა ველობილიკი და ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, რომლის გასწვრივ, უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები დამონტაჟდება. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 60 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.

გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები და ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სავალი ნაწილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.